მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება - სებ
ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, - ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომელიც სებ-ის ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც ცნობილია, დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა.
„გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა.
2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. ერთი მხრივ, პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და მეორე მხრივ, საკრედიტო აქტივობის ნორმალიზებამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გაზრდა განაპირობა.
კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი ეტაპობრივად დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.
ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.