მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა კვლავ რეკორდულ მაჩვენებელზეა
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.
2025 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 7 065,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 0,2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 11.4%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7 049,1 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კი 6 340,6 მლნ ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 7 მლნ-ს 2025 წლის აგვისტოში გადააჭარბა, ხოლო 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში.
აგვისტოში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 121.2 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 150.0 მლნ ლარით მოიკლო. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 60.0 მლნ ლარით შემცირდა. აგვისტოში დაიფარა და განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, აგვისტოში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 210.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,720.7 მლნ ლარს გაუტოლდა. აგვისტოში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვის ჭრილში 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.6 მლრდ ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.