ნაღდი ფულის მასა 7 მლრდ ლარს მიუახლოვდა
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაიზარდა.
2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 6 928,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ივნისთან მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 2,7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 9,3%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის ივნისში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 6 746,8 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის ივლისის ბოლოსთვის კი 6 340,6 მლნ ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.
ივნისში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 228.0 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხი, წინა თვესთან შედარებით, 186.00 მლნ ლარით შემცირდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 715.0 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და იმავე პერიოდში დაიფარა იგივე ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ივნისში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 901.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 6,290.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ივნისში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 1,310.5 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 970.0 მლნ ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.