რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები შევთავაზოთ - ილია რევია
აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, - აცხადებს „კრისტალის” გენერალური დირექტორი ილია რევია.
Fitch Ratings-მა მიკრობანკი „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) ‘B’ სტაბილურად შეაფასა. Fitch-ის შეფასება ხაზს უსვამს კრისტალის უნარს, გლობალური გამოწვევების ფონზე იყოს წარმატებული და განაგრძოს ეფექტიანი ზრდა.
„გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და მისი აღსრულების ეფექტიანობას, რაც აძლიერებს ნდობას როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ისე მომხმარებლების მხრიდან. აღნიშნული რეიტინგი შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი ფინანსური რესურსი მოვიზიდოთ და მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო კონკურენტული პროდუქტები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას“- აღნიშნავს ილია რევია.
„კრისტალი”, ჯერ კიდევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირების პერიოდში, Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი იყო რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.
როგორც Fitch Ratings-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ — მათ შორის „კრისტალმა“ (B/სტაბილური) — მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
Fitch Ratings-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიცენზია სესხებისა და დეპოზიტების მოცულობის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს შეიცავს, ცვლილება პოზიტიურია.
„ეს ცვლილება ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და სახსრების მოზიდვის ხარჯების შემცირებას. ასევე, უზრუნველყოფს გაფართოების შესაძლებლობას გადახდებისა და ციფრული ფინანსური სერვისების მიმართულებით. რეგულატორული ზედამხედველობის გამკაცრება ასევე პოზიტიურად აისახება ორგანიზაციების საკრედიტო პროფილზე“, - აღნიშნულია Fitch Ratings-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მფლობელები გახდნენ სს მიკრობანკი "კრისტალი" და სს მიკრობანკი "ემბისი"
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს შეხვდა
08.07.2026.17:23
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, გარეთ უორდს შეხვდა.
„ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის" მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ჯგუფის აქტივობებისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ და კერძო სექტორთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, ინვესტორთა მზარდი დაინტერესება საქართველოს და რეგიონის ბაზრებით. აღინიშნა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებით რეფინანსირება. ქართულმა მხარემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის მაისში, სადებიუტო სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული სახაზინო ობლიგაციების შესახებ.
ყურადღება დაეთმო იმ ღონისძიებებს, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ახორციელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ტენდენციები და მიღწევები, მიმდინარე საერთაშორისო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.