როგორც მოლოდინები იყო ინფლაციამ მცირედით შემცირება დაიწყო, სწორედ ეს გვქონდა ჩვენ პროგნოზად - ეკატერინე მიქაბაძე
მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, - ასე აფასებს სებ-ის მიმდინარე მონეტარულ პოლიტიკას
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, თუ კი სებ-ის არსებული პარამეტრები და მოლოდინები საშუალებას მისცემს, ის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას დაიწყებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლიდან ოფიციალურად გადავიდა სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების დროს, სადაც მთავარი ყურადღება სწორედ რისკების იდენტიფიცირებას და რისკების დაბალანსებას ეთმობა. სწორედ აქედან გამომდინარე მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რადგანაც მაღალი იყო, როგორც ეგზოგენური, ისე ზოგადად რისკები ინფლაციის მიმართულებით. მიმდინარე მდგომარეობით მოგეხსენებათ ინფლაცია 4,8%-ს შეადგენს. როგორც ჩვენი მოლოდინები იყო ინფლაციამ მცირედით შემცირება დაიწყო, სწორედ ეს გვქონდა ჩვენ პროგნოზად. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ წელს საშუალო ინფლაცია 4%-მდე იქნება დაახლოებით, ხოლო მომავალ წელს 3,5%-მდე შემცირდება. ჩვენ გადაწყვეტილებად ვიღებთ ყველა რისკის გათვალისწინებით და იმ დროისათვის არსებული ეკონომიკური პარამეტრების მხედველობაში მიღებით, შესაბამისად, რისკების მატერიალიზაციის მიხედვით იქნება ჩვენი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა ეს, მოლოდინების შესაბამისად მიუთითებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე საშუალება, ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ რა თქმა უნდა, იმ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვცემს საშუალება, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი შერბილება გავაგრძელოთ გავაგრძელებთ, თუმცა თუ მატერიალიზრდა რისკები ჩვენ უფრო ხანგრძლივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებისა კიდევ უფრო გამკაცრებისთვისაც მზად ვართ.
დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს არის უფრო ხისტი ფასების ინფლაცია, საბაზო ინფლაცია 3,2%-ია, რომელიც ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს, დაბალი მიზნობრივ მაჩვენებელზე და მომსახურების, ისევე სხვა, უფრო ხისტი ფასების ინფლაციის ინდიკატორები ერთმნიშვნელოვნად მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას