საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს სანქციათა რეჟიმებს, პროცესის კონტროლი ხორციელდება ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად - SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს | სებ-ის წარმომადგენელი
SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანიძემ.
მან ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საფინანსო კანონმდებლობის ჰარმონიზაციასაც გაუსვა ხაზი.
„საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს სანქციათა რეჟიმებს, აღნიშნული პროცესის კონტროლი ხორციელდება ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად. მუდმივად დადებითად ფასდება ეროვნული ბანკის მიერ ევროპულ კანონმდებლობასთან ქართული საფინანსო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესიც. ვფიქრობთ, რომ SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა სოფო ასანიძემ.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. სებ-ი აცხადებს, რომ არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.