საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა კალიფორნიაში, სილიკონის ველზე Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის”, სტუდენტმა გიორგი ბოხოჩაძემ, კონფერენციაში - Startup Grind, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენცია სილიციუმის ველზე (Silicon Valley), კალიფორნიის შტატში გაიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტარტაპების დამფუძნებლები, ინვესტორები, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, მკვლევრები და ინოვაციების სფეროს ლიდერები გააერთიანა. ღონისძიება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და საკუთარი იდეები გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემას გააცნონ.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გიორგი ბოხოჩაძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ პანელურ დისკუსიებში, შეხვედრებსა და ნეთვორქინგ ღონისძიებებში, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, სტარტაპების განვითარების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სამეწარმეო ეკოსისტემის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ღონისძიებამ სტუ-ის მაგისტრანტს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას, დაემყარებინა კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ინოვატორებთან და პროფესიონალებთან, ასევე წარმოეჩინა საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალი.
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ღონისძიებებში. გიორგი ბოხოჩაძის მონაწილეობა Startup Grind-ის კონფერენციაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ სივრცეში და მზად არიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ.
ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამა - „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის“, სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის თეორიულ ცოდნას, არამედ საერთაშორისო გარემოში საქმიანობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. გვახარებს, რომ ჩვენი სტუდენტები ღირსეულად წარმოადგენენ უნივერსიტეტსა და საქართველოს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც Startup Grind-ია. ეს გამოცდილება გიორგის დაეხმარება პროფესიული ხედვის გაფართოებაში, ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებასა და ინოვაციური იდეების რეალიზებაში. ვულოცავ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ მომავალშიც ღირსეულად წარმოადგინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდენტის ვიზიტი დააფინანსა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ”, - აცხადებს თალიკო ჟვანია.
მაგისტრანტ გიორგი ბოხოჩაძის თქმით, Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც თბილისში გამართულ Startup Grind Pitch Battle Royale: Georgia-ს შეუერთდა და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი განმარტებით, აღნიშნული შეჯიბრება ახალგაზრდა მეწარმეებსა და ინოვატორებს საკუთარი იდეებისა და პროექტების წარდგენის, ექსპერტებისა და ინვესტორებისგან შეფასების მიღებისა და საერთაშორისო სტარტაპეკოსისტემასთან დაახლოების შესაძლებლობას აძლევს. გამარჯვებამ კი მას გზა გაუხსნა Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამფუძნებლებთან, ინვესტორებთან, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და ინოვაციების სფეროს ლიდერებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიიღო.
გიორგი ბოხოჩაძის განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან საშუალება მიეცა გაცნობოდა თანამედროვე ტექნოლოგიურ ტენდენციებს, გაეფართოებინა პროფესიული კონტაქტების ქსელი და გაეზიარებინა საკუთარი ხედვები საერთაშორისო აუდიტორიისთვის.
„Startup Grind Pitch Battle Royale: Georgia-ში გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. სწორედ ამ წარმატების შედეგად მივიღე მიწვევა Startup Grind-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს, მომესმინა მათი გამოცდილებისთვის და დამემყარებინა ახალი პროფესიული კავშირები. ეს გამოცდილება განსაკუთრებით ღირებული იყო როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. და ბოლოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, საერთაშორისო აღიარებასა და ისეთი ახალგაზრდების აღზრდას, რომლებიც ჩვენს სამშობლოს გლობალურ ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ”, - ამბობს გიორგი ბოხოჩაძე.
ინფორმაციისთვის: Startup Grind არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი სტარტაპ-კომუნიტეტი, რომელიც 2010 წელს შეიქმნა მეწარმეების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური ლიდერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. დღეს ის აერთიანებს მილიონობით წევრს, ასობით ქალაქსა და 120-ზე მეტ ქვეყანას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვა გაიმართა
14.07.2026.15:08
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი თაობის პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული საავიაციო საინჟინრო სკოლის თანამედროვე განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მათ მიერ სადიპლომო ნაშრომების წარმატებით დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ერთგულად აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო მიმართულებების განვითარებას,“– ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვის შემდეგ განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პირველი კურსდამთავრებულების წარმატება ნათელი დასტურია იმისა, რომ აღდგენილმა პროგრამამ შეასრულა თავისი მთავარი დანიშნულება - დაიწყო ქვეყნისთვის საავიაციო ინჟინრების მომზადება. ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში საავიაციო საინჟინრო განათლების აღდგენისა და განვითარების პროცესში, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრების მომზადება.
„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი ფაკულტეტისთვის, ისე ქართული საინჟინრო განათლებისთვის. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება სწორი და შედეგიანი იყო. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით კი ხელს შეუწყობენ როგორც ქართული საავიაციო ინდუსტრიის, ისე ეროვნული საინჟინრო სკოლის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტუ-ის საპატიო დოქტორს და ქართული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პანტიკო თორდიას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროგრამას ხელმძღვანელობს ქართული საავიაციო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი, პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში საავიაციო სპეციალისტების მომზადების განახლება განპირობებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებითა და კვალიფიციურ საინჟინრო კადრებზე მზარდი მოთხოვნით.
„ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამა, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გაიზარდა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რაც დარგის განვითარებისა და ახალი თაობის საინჟინრო კადრების მომზადებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.
ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ფასდაუდებელია მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანმიმართული მხარდაჭერა. საავიაციო ინჟინერიის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, მისაღები კონტინგენტის გაზრდა და, რაც მთავარია, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური ხედვა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია. წარმატებებს ვუსურვებ კურსდამთავრებულებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, 1968 წელს, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოამზადა მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრები ქართული საავიაციო ინდუსტრიისათვის. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან საავიაციო კომპანიებში. სამწუხაროდ, რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სტუ-ში 2005 წელს საავიაციო ინჟინრების მომზადება შეწყდა.