ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ მედიკამენტი - მიხეილ სარჯველაძე
ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი. ჯანდაცვის სექტორის განვითარების დინამიკა მუდმივად აღმავალია - ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მედიკამენტები. ჩვენის მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ ისინი მოქალაქეებს. მაგალითად, სახელმწიფო თავად ყიდულობს და პაციენტებს უზრუნველყოფს იმ ინოვაციური მედიკამენტებით, რომელთა წარმოების უფლება, სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ არ აქვთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ფასებსა და ამ მიმართულებით, სამინისტროს ხედვაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, დაუშვებელია, დეფიციტური პროდუქტები, თუ მათი ფასები კანონმდებლობით არ რეგულირდებოდეს და მხოლოდ ბაზრის აქტორების კეთილსინდისიერებაზე იყოს დამოკიდებული.
„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.
კონტროლის მექანიზმია, მაგალითად, რეფერენტული ფასები, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის გაყიდვა დაუშვებელია. ასევე - სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული წამლების დამოუკიდებლად შეძენა და დისტრიბუცია. თუმცა, ბუნებრივია, გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც და ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად ასე გაგრძელდება. ამ არცთუ არაერთგვაროვნების მიუხედავად, დღეს არსებული მდგომარეობას ვერც შევადარებთ ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ არსებულ ვითარებას, მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება - ის, რომ რეფერენტულმა ფასებმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა, არის დადასტურებული ფაქტი. ასე რომ, სამომავლოდ, ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.