ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა-რეაბილიტაციის დაფინანსების პირობა დადო
იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის, მართვის მექანიზმების ერთიან მიდგომასა და შესაბამისი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა, იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების მექანიზმებზე და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით, აღინიშნა, რომ არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. ექიმებმა აღნიშნეს, რომ პრეპარატი არცერთი სხვა ქვეყნის, პროტოკოლში არ არის შეყვანილი, რაც ქართული პროტოკოლის შექმნისას, ამ კუთხით, გამოწვევას წარმოადგენს.
საბჭოს წევრებმა, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შეფასდეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებები და გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნას მიღებული. სპეციალისტების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული წამლის შესახებ ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული მოლოდინებია და უფრო მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობა.
შეხვედრაზე, სამინისტრომ, კიდევ ერთხელ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, დააფინანსოს/დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.