რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება
დღეს, ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მის ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და საავადმყოფო, ათწლეულების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში.
„დღეს, ჩვენ ვიწყებთ საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თვისებრივ განახლებას. რეალურად, ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის 1973 წელს გაიხსნა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, მრავალპროფილური საავადმყოფო. აქ, ათწლეულების განმავლობაში, ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები; კლინიკაში ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო ბაზა; ფუნქციონირებდა 14 კლინიკური კათედრა. რესპუბლიკური საავადმყოფო, წლების განმავლობაში, იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში. როგორც წესი, საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების ურთულეს პერიოდებში, სწორედ ის წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ქვეყანაში.
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით მშენებლობას, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ამ ხანგრძლივ დიდ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო, პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოებისა და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანი ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მთლიანი ტერიტორია სამედიცინო დანიშნულებით იქნება გამოყენებული და მოემსახურება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს.
„თავის დროზე, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ შეიძლებოდა, ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია, სწორედ, სამედიცინო დანიშნულებით იქნას გამოყენებული. ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს, რა თქმა უნდა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.