წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა - თამარ გაბუნია
პირველი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. 18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ჩვენივე შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს. ძალიან ბევრ უწყებას ეს უფლება უკვე აქვს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ რისკებთან მუშაობს“, - აღნიშნულის შესახებ, თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
„თქვენ რომ ნახოთ საერთაშორისო ლიტერატურა, უმრავლეს შემთხვევაში, ყველგან საუბარია შეტყობინების გარეშე ინსპექტირებაზე. მაგალითად აშშ, კონკრეტულად ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობა, მოგეხსენებათ აშშ მეწარმის მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილად იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ძალიან მკაფიოდ, გარკვევით წერია, შეტყობინების გარეშე შემოწმების შესახებ. ევროპაშიც არის მსგავსი გამოცდილება, საკმაოდ ფართო, როდესაც ეს ხდება მოულოდნელად. არის გეგმური შემოწმებებიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. კლინიკამ მაინც წინასწარ იცის, რომ წელიწადში ერთხელ, ხდება შემოწმება, ჩაივლის ეს შემოწმების პროცესი და უკვე მეორე წლამდე ფიქრობს, რომ აღარავინ შეამოწმებს. იშვიათია, მაგრამ არის ფაქტები, რომ ინსპექტირების გავლის შემდგომ, ერთი კლინიკიდან მეორეში აპარატი გადაიტანეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი და სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისთვის იზრდება საჯარიმო სანქციების ოდენობაც.
„დიდი ხნის წინ არის ეს ჯარიმები დაწესებული. სულ მცირე, ინფლაციის ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, მაინც თუნდაც ეს გამოიწვევდა ჯარიმების გაზრდის საჭიროებას. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო ის, რომ განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევები არის ხშირი - 40-45%-ს აღწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა, რომელიც არღვევს გარკვეულ პირობას, ურჩევნია, მეორედაც გადაიხადოს ეს ჯარიმა, რადგან მისი გადახდა შეიძლება დაუჯდეს 500 ლარი, კონკრეტული დარღვევის გამოსწორება კი 5000 ლარი. ამდენად, ამას მეტად ექნება პრევენციული დატვირთვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.