12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა - ცესკო
12:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 17.15 პროცენტს შეადგენს, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება.
„სანამ აქტივობის შესახებ მოგაწვდიდეთ ინფორმაციას, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი ჩვენთვის - ცესკოს სახელით მოქალაქეებს ურეკავენ, თითქოსდა იმის გადასამოწმებლად, იყვნენ თუ არა არჩევნებზე. რაც, თავის მხრივ, ჰგავს სხვადასხვა პროვოკაციული განცხადებისთვის მზადებას ცესკოს სახელით.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მსგავსი სატელეფონო ზარები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, გარკვეული პირები მიზანმიმართულად იყენებენ ცესკოს სახელს ინსტიტუციის დაზიანების მიზნით და მსგავსი მანიპულაციებით ცდილობენ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გამოიყენებენ ცესკოს სახელს და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას აქტივობის შესახებ, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 602 445 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშია.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივარი არ შესულა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
კახა კალაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
04.09.2026.13:45
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული. ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას. თქვენ იცით, რომ საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა არ გავხდეთ დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე. მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს “, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება. ვხედავ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. ჩვენს ხალხს ძალიან მოსწონს საქართველო. აქ ბევრი მათგანი ტურისტული მიზნით ჩამოდის და დაცულად გრძნობს თავს. ასევე, დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან თქვენთან ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული,“- განაცხადა მიშელ ბუსკილამ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.