არასდროს გამოვიყვანთ იძულებით ადამიანებს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების დროს, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არქონის შემთხვევაში, მიდგომა არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, რადგან საკუთრების უფლებას კანონი განსაზღვრავს, მუნიციპალიტეტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ძალით არავის გამოიყვანს.
„მიდგომა არ და ვერ შეიცვლება, რადგან საკუთრების უფლებას განსაზღვრავს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაც ძალით გამოვიყვანოთ თავისი სახლიდან და საცხოვრებელი ფართი დავუნგრიოთ. ამ საკითხზე იყო გარკვეული სპეკულაციები და მაგალითად მოჰყავდათ კერძო საკუთრებაში შეჭრილი ადამიანების გამოყვანა ან სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, მუნიციპალიტეტს არ გვაქვს ამის უფლება, არასდროს გაგვიკეთებია და არ გავაკეთებთ, რომ ადამიანები საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათია, იძულებით გამოვიყვანოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს - ნოდარ გიორგაძე
14.07.2026.23:00
თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.
„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.
თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.