ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება - ირაკლი კობახიძე
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარი არის მშვიდობა.
„რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს - ნოდარ გიორგაძე
14.07.2026.23:00
თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.
„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.
თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.