ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება - თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. პრემიერი მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის კულმინაციაა.
მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება.
ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და კეთილდღეობა მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას ეფუძნება. ამიტომ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინ, პირადი განვითარებისკენ, ამავდროულად საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისკენ გადადგმული ნაბიჯია.
გისურვებთ წარმატებას და ყველა მიზნის მიღწევას ამ ახალ და საინტერესო გზაზე", - წერს პრემიერი.
სხვა სიახლეები
საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია
07.08.2026.16:57
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.
„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.