Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში - პრემიერი
ის პროექტი, რომელიც განხორციელდება Eagle Hills-ის მიერ ჩვენს ქვეყანაში, უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს განვითარების სათანადო დონეს.
„ჯერ კიდევ 9.4% არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე, 30%-დან არის შემცირებული 9.4%-მდე. წელს პირველად გადააბიჯებს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს მთლიანობაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი და ცხოვრების დონე. ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე. ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება. რა თქმა უნდა, არ გაუვა ეს არცერთ კერძოდ მყოფ პოლიტიკურ ძალას. ამ პოლიტიკანებს არ გაუვათ ასეთი სპეკულაციები. დღეს სახელმწიფო არის სულ სხვა სიმაღლეზე და ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეს შეეხება ჰესებს, ეს შეეხება მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ყველგან იქნება უზრუნველყოფილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება, სადაც ეს შეესატყვისება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. Eagle Hills-ის პროექტი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარ ცინ იჭის შეხვდა
16.06.2026.19:50
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარ ცინ იჭისთან.
საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.
ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნება და ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ხოლო საქართველოს მხრიდან ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მხარდაჭერა.