ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო - ცესკო
პარლამენტის არჩევნების შემდეგ, უკვე ერთი წელია პოლიტიკურად მიკერძოებული არაერთი პირი აქტიურად ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად 26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციას. ამ მიზნით დღემდე განაგრძობენ მტკიცებას თითქოს ეს არჩევნები გაყალბდა, ირღვეოდა ფარულობა, იყო ხმის მრავალჯერადი მიცემის შემთხვევები და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის.
მათგან განსხვავებით საარჩევნო ადმინისტრაციამ, სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით არაერთხელ გასცა პასუხი გავრცელებულ ბრალდებებს, საზოგადოებას მიაწოდა ზუსტი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია და არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. აქვე შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.
ის, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა თუ პოლიტიკურად მიკერძოებული პირის ხმაურიანი განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლო იყო და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, დღეს უკვე დაადასტურა ევროკომისიის ანგარიშმაც. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე საუბარია გასული წლის არჩევნებზეც, თუმცა ამ ანგარიშში ზემოაღნიშნული ბრალდებები არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ნახსენები არ არის.
ახლა გვინდა ვკითხოთ მათ, ვინც ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ - ხმის მიცემა შვიდჯერ ან ასჯერ შეიძლებოდა, აპარატებში არსებულ სიებში გაორებები იყო, ამომრჩევლის ხმის ფარულობა ირღვეოდა, შემაჯამებელი ოქმები გადაწერილი იყო, საზღვარგარეთ უბნები სპეციალურად არ შეიქმნა, მარკერები კი გამოცვლილი და სხვა მრავალი, რატომ არ მოხვდა ეს არც ევროკომისიის და არც ეუთო/ოდირის ანგარიშში? პასუხი ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ არცერთი ზემოხსენებული არ შეესაბამებოდა რეალობას და მხოლოდ და მხოლოდ რეალობის შეგნებულად დამახინჯების მცდელობას, არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, არჩევნებისადმი ნდობის შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ჩართული მხარეების მიერ გაკეთებული, სწორედ ასეთი, მანიპულაციური განცხადებები არახალია არა მხოლოდ არჩევნებთან, არამედ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებითაც. ეს კი მოქალაქეების არასწორი ინფორმირების და გარკვეული აღქმების შექმნას უწყობს ხელს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს ახლა მაინც აღიარონ რეალობა და დაუბრუნდნენ საარჩევნო პროცესების შეფასების მიუკერძოებლობის სტანდარტს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, კვლავ დავრჩებით ერთგულნი ჩვენი გაცხადებული მიზნისა, რომ ქვეყნის ამომრჩეველი დეტალურად და სწორად იყოს ინფორმირებული საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.
სხვა სიახლეები
ცესკოსა და ახალგაზრდების შეხვედრაზე ბაკურიანში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა განიხილეს
10.07.2026.12:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი არჩევნებითა და საარჩევნო პროცესებით დაინტერესება და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, შეუწყოს ხელი მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალში პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთებას.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რომლებიც მომდევნო საერთო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ინფორმირებული ამომრჩეველი ძლიერი დემოკრატიისა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ უპასუხოს მათ ინტერესებსა და შეკითხვებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. უშუალოდ არჩევნების დღის ადმინისტრირებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მიაწოდეს.
თავის მხრივ პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი და ის ფაქტი, რომ განხილვები დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს საარჩევნო საკითხების მიმართ.
შეხვედრა დაბა ბაკურიანში 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.