ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
რეიტინგში ქვეყნების რანჟირება ხდება მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბალი რისკის ქვეყნებისაკენ. შესაბამისად რეიტინგს სათავეში ყველაზე მოწყვლადი ქვეყნები უდგას, ქვედა პოზიციებს კი წარმატებული ქვეყნები იკავებენ. ინდექსის თანახმად საქართველოს ფულის გათეთრების რისკის მაჩვენებელი შემცირდა. ქვეყანამ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 4,32 მიიღო, რაც გაუმჯობესებული შედეგია. 2025 წელს გლობალურ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 27 საფეხურით გაუმჯობესა 113-დან 140-ე ადგილამდე, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა, ამასთან საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა.
ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას; OECD-ის, შენგენის ზონის, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, გერმანია, იტალია, ირლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა.ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსის წარმოება სათავეს 2012 წლიდან იღებს. ამ 14 წლიან პერიოდში, საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა 60 ადგილით არის გაუმჯობესებული.
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში.
1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში
2. კორუფცია და თაღლითობა
3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები
4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა
ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.