გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებს ორი ახალი მოადგილე - ლაშა ავალიანი და ზურაბ ეზუგბაია წარუდგინა. მინისტრმა გუნდის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს.
ლაშა ავალიანს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი, ფლობს დოქტორის ხარისხს პარაზიტოლოგიის მიმართულებით. მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაშა ავალიანი 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს; შემდგომ იკავებდა უფროსის მოადგილის პოზიციას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ლაშა ავალიანი 22 სექტემბრიდან შეუდგება.
ზურაბ ეზუგბაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორში. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ნავთობისა და გაზის კორპორაციაში; იუსტიციის სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციას, მათ შორის, 2001–2003 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ზურაბ ეზუგბაია მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას სამი სექტემბრიდან შეუდგა.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება
14.05.2026.15:15
პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას და სოციალური პროგრამებით სარგებლობას.
საკანონმდებლო ცვლილების ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.