კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა. კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს : იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, თურქეთს.
მსოფლიო ქვეყნების კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმედეობა შეფასდა 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლოს ხარისხი; გამჭვირვალობა; მმართველობითი რეგულაციები. საქართველო კანონის უზენაესობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში მოხვდა; სასამართლოს ხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზე გავიდა. საქართველომ გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიცია დაიკავა, მმართველობითი რეგულაციებით კი 29 -ე ადგილზე გამწესდა.
ევროკომისიის ვებგვერდზე წარმოდგენილია საკითხის ასეთი განმარტება: „ეფექტური და თანმიმდევრული კანონები და საჯარო პოლიტიკა აუცილებელია კარგად ფუნქციონირებული და აყვავებული ქვეყნისთვის. კანონები ადგენენ თამაშის წესებს სოციალური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. თანმიმდევრული, პრინციპული, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა ქმნის ინვესტორების ნდობას და საზოგადოების ნდობას. კარგ მთავრობებს ახასიათებთ ძლიერი პოლიტიკის შემუშავების პროცესები, რომლებიც დაბალანსებულია, ინკლუზიური და ეფექტურია“.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.
სხვა სიახლეები
ცესკოსა და ახალგაზრდების შეხვედრაზე ბაკურიანში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა განიხილეს
10.07.2026.12:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორებიცაა არჩევნების მნიშვნელობა, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმების, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მექანიზმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა და თითოეული მოქალაქის როლი თავისუფალი, ინკლუზიური და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და იმ საგანმანათლებლო პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას ემსახურება. მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინფორმირება, მათი არჩევნებითა და საარჩევნო პროცესებით დაინტერესება და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ახალგაზრდებს მიაწოდოს ობიექტური, ამომწურავი და სანდო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, შეუწყოს ხელი მათ ცნობიერების ამაღლებასა და მომავალში პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთებას.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას, რომლებიც მომდევნო საერთო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ინფორმირებული ამომრჩეველი ძლიერი დემოკრატიისა და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, უკეთ უპასუხოს მათ ინტერესებსა და შეკითხვებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. უშუალოდ არჩევნების დღის ადმინისტრირებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსმა მაია გუდაძემ მიაწოდეს.
თავის მხრივ პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ. მისი თქმით შეხვედრის მიმართ მაღალი ინტერესი და ის ფაქტი, რომ განხილვები დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა ადასტურებს ახალგაზრდების ინტერესს საარჩევნო საკითხების მიმართ.
შეხვედრა დაბა ბაკურიანში 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა ორმოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.