ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს - პრემიერი
მინდა მივულოცო ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, მთლიანობაში, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.
„ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა. სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის პრინციპულია, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მშვიდობის, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში.
საქართველოს უკავია კვლავაც ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში. გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში - ნოდარ ბოკერია
07.08.2026.16:57
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს საერთაშორისო წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დააჯეროს მოსახლეობა, თითქოს საქართველო რაიმე ფორმით იზოლაციაში იმყოფება, რაც დეპუტატის თქმით, სრული სიცრუეა. ნოდარ ბოკერიამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებთან ირაკლი კობახიძემ უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა და მისივე თქმით, ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგები მოჰყვა.
„მოდით განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობის არის ეს შეხვედრები. მაგალითად, ყაზახეთი არის შუა დერეფანში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იმ შუა დერეფანში, რომელიც საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად ასეთი მნიშვნელოვანია. ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ამ მარშრუტის გამართვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ტაჯიკეთი კი არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა და განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში, მაშინ როდესაც მიწოდების ჯაჭვები ფაქტობრივად არ არსებობს, ასეთი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. დივერსიფიკაციის კუთხით უნდა გამოვყოთ მაგალითად სინგაპურთან მაღალი დონის შეხვედრები. როგორც მოგეხსენებათ, სინგაპური ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური და ეკონომიკური მოდელია და ჩვენ ვნახეთ ძალიან კარგი ტენდენცია, როდესაც სინგაპურის ადგილობრივმა კომპანიებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას და მათ შორის გამოიჩინეს ინიციატივა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების. ეს არის ლოგიკა იმისი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მრავალი წლის მუშაობის შედეგად, საქართველოში შექმნა ისეთი ბიზნეს, ეკონომიკური და სამართლებრივი ლანდშაფტი, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საკმაოდ დიდი ბენეფიტების მომტანია, როგორც ჩვენთვის ასევე თავად ინვესტორი მხარისთვის“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნოდარ ბოკერიას შეფასებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მუშაობის შედეგი.
„ჩემი აზრით, ოპოზიცია შეგნებულად აზიანებს არაღიარების პოლიტიკას. მოგეხსენებათ, რომ ასეთ ქვეყნებთან კომუნიკაცია სწორედ არაღიარების პოლიტიკის წარმატების საწინდარია. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებაშია ჩართული. ასეთი კონსტრუქციული და ლოგიკური ნაბიჯებით საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს როგორც თავის ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ როლს დღევანდელ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგში“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.