პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.