ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხელფასები თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფრომა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გამოითქვა მზაობა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის.
„ ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან. ვფიქრობთ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გამოგვივა, რითაც საერთო ჯამში მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას ფასნამატებთან მიმართებით. შემდგომ დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
სხვა სიახლეები
ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ
11.09.2026.20:45
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა პაატა კეშელავას ახალი მანდატის ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
შეხვედრა უსკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ უსკოს წევრები, ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, რეგიონული კოორდინატორები ზვიად თენეიშვილი და მანუჩარ გამყრელიძე, აჭარის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მსგავსი, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე საარჩევნო ადმინისტრაციების კოორდინაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ცესკოსა და უსკოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა. აღინიშნა, რომ ცესკო მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს უსკოსთან პროფესიული თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები, საერთო პრიორიტეტები და საკითხები, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციებს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია დასჭირდებათ. მხარეებმა ისაუბრეს საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების კოორდინაციისა და საზოგადოების ინფორმირების ეფექტიანი მექანიზმები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ადგილობრივ გამოცდილებასთან ეფექტიანი ინტეგრირება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგი მომავალში აქტიურ და მჭიდრო რეჟიმში გაგრძელდება.