საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის - დავით სონღულაშვილი
„დღეს სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა იმ დარგის განვითარებას, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ქართული ფუტკარი უნიკალურია, მსოფლიოში აღიარებული და მისი დაცვა და გამრავლება აუცილებელი საქმეა. სწორედ ამიტომ არის მუხურის ბაზა განსაკუთრებული მნიშვნელობის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ფერმერებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავლები.
„შეხვედრა გვქონდა მოცვის მწარმოებლებთან და მეთხილე ფერმერებთან. საქართველოში თხილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის.
მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავლები. სახელმწიფო არაერთი პროგრამით, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით უდგას მხარში მათ, ეს ეხება ბაღების გაშენებაში ხელშეწყობას, მოსავლის შესაბამისი პირობებით დაბინავებას, დაავადებებთან ბრძოლას, მათ შორის ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებებს.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია 250 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.
ამ ეტაპზე, თხილის სექტორში გამოწვევაა ბაღების ხმობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს მიზეზის იდენტიფიცირების საკითხზე, რომ ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციებით დავეხმაროთ.
რაც შეეხება მოცვს, ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდა, აქტიურად გადის ექსპორტზე და სულ უფრო მეტად მოთხოვნადია. მოცვის წარმოების მზარდი მასშტაბები სახელმწიფო პროგრამებით მიღებული მხარდაჭერის შედეგია.
მიუხედავად იმისა, რომ წელს საგაზაფხულო ყინვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, გაზრდილი წარმოების ფონზე, ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით მეტია. ექსპორტირებული მოცვის ღირებულებამ 40.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება აგრარული დარგის განვითარების, ჩვენი ფერმერების და მეწარმეების კეთილდღეობის ზრდის და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი მუხურში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ლაბორატორიის თანამშრომლებს და მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა.
დავით სონღულაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.
მინისტრი სოფელ რიყეში მეთხილე ფერმერებსაც შეხვდა. შეხვედრა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ გიორგი ზაქარაიას თხილის პლანტაციაში გაიმართა. დავით სონღულაშვილმა მეთხილეობის დარგში არსებული გამოწვევების, საჭიროებების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს - ნოდარ გიორგაძე
14.07.2026.23:00
თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.
„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.
თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.