თბილისის მერი უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს პარლამენტის წევრს, პარტია „ფიდესის“ პრეზიდენტ გაბორ კუბატოვის შეხვდა.
პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას და მმართველ პარტიას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა ბუდაპეშტში, მადლობა ასეთი თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან, რასაც ემატება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიციების თანხვედრა. როგორც საქართველოსთვის, ისე უნგრეთისთვის მთავარი ამოსავალი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ერთგულება იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რასაც სუვერენიტეტის შენარჩუნება და სიმართლისთვის ბრძოლა ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.
გაბორ კუბატოვმა წარმატებები უსურვა საქართველოს მმართველ გუნდს ქვეყნის ინტერესების დაცვაში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატება აძლიერებს უნგრეთს, რაც სასიხარულოა.
შეხვედრას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა - პრემიერი
15.09.2026.11:18
მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.