თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირება უამრავი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება - შალვა ოგბაიძე
„თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირება, რაც დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, ჩვენ უამრავი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარება“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სატრანსპორტოს საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე.
დეპუტატმა განმარტა, რომ ამ საკითხის მიღებით თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა როგორც საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების, ასევე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გარკვეული კატეგორიის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილება.
„თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური ამჟამად 118-ე და 59-ე სკოლების ეზოების კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოებია.
ასევე, დელეგირების უფლების კიდევ ერთწლიანი გაგრძელება 59-ე და 69-ე სკოლებში 209-ე სკოლის მოსწავლეების ავტობუსით გადაყვანის საკითხს და კიდევ ბევრ პრობლემას გადაგვიწყვეტს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ სხდომაზე.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით - ირაკლი კობახიძე
18.05.2026.17:38
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად, ევროპას აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის ისტორიული მნიშვნელოვის, საეტაპო მნიშვნელობის,"- განაცხადა პრემიერმა.