2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა
2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 მილიონი ლარიდან 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა.
მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარის ნაცვლად 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.7% - სპონსორობამ, ხოლო 11% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს" ჰქონდა, თუმცა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მისი შემოსავალი 10%-ით შემცირდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. 10%-ით შემცირდა ასევე „რუსთავი 2"-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა. 15%-ით გაიზარდა „პოსტვ"-ის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარი გახდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი - 52%-იანი ზრდა ჰქონდა „ტელეკომპანია პირველს", რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 18%-ით გაიზარდა ასევე „ფორმულას" კომერციული შემოსავალი და 1.4 მილიონი ლარი გახდა. „ბი ემ ჯიმ" წინა წლის II კვარტალთან შედარებით, 14%-ით მეტი მიიღო და მისმა სარეკლამო შემოსავალმა 1.0 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ის კომერციული შემოსავლები და კვლავ 0.6 მილიონ ლარს უდრიდა. 33%-ით გაიზარდა „სილქნეტის" შემოსავალი და 0.3 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს", მისი სარეკლამო შემოსავალი 71%-ით შემცირდა და 0.2 მილიონი ლარი იყო. „სილქ მედიას" შემთხვევაში, ტელევიზიის შემოსავალი უცვლელი - 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა ტელემაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 0.9 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 6%-ით შემცირდა და როცა 2024 წლის II კვარტალში 2.1 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში 2.0 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% სპონსორობას ეკავა.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
სხვა სიახლეები
„ჯინო ჰოლდინგი“ მონაწილეობას მიიღებს და მხარდაჭერას გაუწევს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს - დეტალები
14.07.2026.23:16
თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.
„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.
თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.