„აგროსკოლა 2025“ დასრულდა
„აგროსკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის (IX-XII კლასები) შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს აგრარული საკითხებით დაინტერესებულთათვის სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიღება და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩართვა, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
სასწავლო პროგრამა პირველად 2022 წელს განხორციელდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მიმდინარე წელს „აგროსკოლა“ 4 მარტს დაიწყო და 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა აგრარული საკითხების შესახებ, მონაწილეობდნენ საველე გასვლებში, გაიღრმავეს გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის წარდგენის უნარები; მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სპიკერებიც უძღვებოდნენ. აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, „აგროსკოლის“ კურსდამთავრებულები სამდღიან სასწავლო ტრენინგში, საველე პრაქტიკასა და ინფოტურებში მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამა „აგროსკოლა“ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელდა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემების მოდერნიზაცია (ფაზა 3)” პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის დონორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
სხვა სიახლეები
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
12.08.2026.19:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს.
მსგავსი სამუშაოების საჭიროებისა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ღამის 12 (00:00) საათიდან, სატვირთო ავტოტრანსპორტი ისარგებლებს ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით.
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გაგრძელდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალი იქნება და გადაადგილება არსებული რეჟიმით, 60 კმ/სთ სიჩქარით გაგრძელდება.
მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 70-იან წლებში აშენდა და მისი ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ტარდება საჭირო აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობის მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებ.
ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.