დავით სონღულაშვილი ზუგდიდში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ჯიმა ნუთში“ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა და მათგან დარგში არსებულ გამოწვევებზე მიიღო ინფორმაცია.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. მინისტრის განცხადებით, ფაროსანა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება; სამინისტრო წელსაც აქტიურ სამუშაოებს განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა, კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ადგილობრივი ფერმერების აქტიურობა.
კომპანიის „ჯიმა ნუთსი“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2020 წელს ამოქმედდა. კომპანიამ საწარმოს შექმნისათვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, სადაც დასაქმებულია 35 ადამიანი, 1500 ტონა გაუტეხავი თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თხილის საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა BRC დაინერგა. 2022 წლიდან, კომპანია წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, 80 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 24 მლნ ლარს აღემატება. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, აღნიშნული მიზნობრიობით 54,6 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 16,7 მლნ ლარს აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე წლებია ფერმერების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. ეს მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე
15.09.2026.14:21
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.