ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემას აქვეყნებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაგამოაქვეყნა.
ეროვნული ბანკი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით, 2020 წლიდან სებ-ი ყოველწლიურად აქვეყნებს საზედამხედველო პრიორიტეტებსა და მათი შესრულების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას.
გასული წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზედამხედველო სტრატეგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საორიენტაციო დოკუმენტად იქცა. იგი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სექტორისთვის კი პროგნოზირებადობის ზრდას. ამასთან, დოკუმენტი უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგია, რომელზეც მუშაობა ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით წარმართა, 2023 წელს გამოქვეყნდა და ყოველწლიურად, შესაბამისი წლის გამოცემით ახლდება.
როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის მანძილზე უცვლელი იქნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის საზედამხედველო პოლიტიკას კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:
საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაში მთავარ აქცენტები კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ასევე, საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2024 წლის ანგარიშზე.
ამასთან ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რომელშიც მომდევნო სამი წლის (2026-2028 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, შესაბამისი ამოცანები და სამოქმედო გეგმა იქნება გათვალისწინებული. ახალი დოკუმენტის მომზადების პროცესი ამჯერადაც დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით წარიმართება.
სხვა სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16.07.2026.16:28
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - განცხადესბას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გეგმის შესაბამისად, ორი მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარ/მიკედლებულ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო პატრონიანი ძაღლების შემთხვევაში გათვალისწინებულია ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (მიკროჩიპების გამოყენებით) და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში. პროგრამა მისი რეკომენდაციებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან.
ამავდროულად, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია შესაბამისი პლატფორმა - ფეისბუკ გვერდი , რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიებები ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით ხორციელდება და ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება.
„ჰიპერპოპულაციის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პროცესი სრულად გამჭვირვალეა. ეკიპაჟები ცხოველების აყვანას წინასწარ დადგენილი და გამოქვეყნებული განრიგით ახორციელებენ. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებულია ცალკეული ჯგუფების მიერ გავრცელებული ბრალდებები, ამა თუ იმ ლოკაციიდან ძაღლების აყვანის შესახებ“, - განაცხადა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილემ ცირა ნაფეტვარიძემ.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არის კომპლექსური და, ვეტერინარული ღონისძიებების პარალელურად, გათვალისწინებულია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.