ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ. ,,ბათუმის აეროპორტის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 212 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს. სამართალდამღვევ მოქალაქეს, აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები 4 ცალ სხვადასხვა დასახელების ფარმაცევტული პროდუქციის შეფუთვებში, ვიტამინის აბებთან ერთად მალულად ჰქონდა განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
09.10.2026.20:32
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.