ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სარფისა" და ,,ბათუმის პორტის" მებაჟე ოფიცრებმა 100 გრამზე მეტი ,,კოკაინი" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ,,კოკაინის“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციაას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, თურქეთის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული 100 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ და 50 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა სგპ ,,ბათუმის პორტშიც“. კერძოდ, ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოსულ, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ ბორანზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა 449 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტები.
მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული პრეპარატები სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვა სამედიცინო მედიკამენტებთან ერთად ჰქონდა განთავსებული და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოტანას ცდილობდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ
12.10.2026.16:43
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ.
შეხვედრა ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიძლიერეს, ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
ბო ლის-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ინფლაციის არხით მოახდინა. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება. ამასთან, აღინიშნა რომ მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე.
როგორც ბო ლიმ აღნიშნა, არსებული გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარების გამოყენება ეკონომიკური ბუფერების გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ამ მიზანთან თანხვედრაშია და ქვეყანაში მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო რეზერვების, ისე ფისკალური ბუფერების დაგროვება.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდგომი პერიოდის თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.