ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.
განხილვის თემა იყო საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების კუთხით.
საუბარი, ასევე, შეეხო მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გათვალისწინებით ფონდის მიერ შემუშავებულ სცენარებს, გლობალური და რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებთან მიმართებით.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ.შ თამთა სოფრომაძე.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
19.05.2026.16:34
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, „პსპ-ფარმას“ ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით გაიცემა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
„ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს „პსპ-ფარმას“ სოციალური პროექტების მომსახურების სამსახურის უფროსმა გიორგი ტალიაშვილმა მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ისაუბრა აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე შეღავათიანი ფასების ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გაფორმებულ დოკუმენტს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და ფარმაცევტული კომპანიის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე შპს „პსპ-ფარმა“ იღებს ვალდებულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამების - „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებებისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის მედიკამენტებზე (ფარმაცევტულ პროდუქციაზე) კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით კვირის ნებისმიერ დღეს.
კერძოდ, როდესაც თბილისში რეგისტრირებული მოქალაქე გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების შესახებ განცხადებით მიმართავს, მისთვის „პსპ-ფარმას“ ნებისმიერ აფთიაქში კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტი გაიცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.
ხელმოწერის ცერემონიალს საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები ქეთევან ჭავჭანიძე და ოთარ ჩრდილელი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.