ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IMF-ის მისიას შეხვდა - რა განიხილეს
საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა გამართეს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან.
მიმდინარე სამუშაო ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების განხილვა და საშუალოვადიანი პერიოდისთვის შემუშავებული ფისკალური პოლიტიკისა და პროგნოზების გაცნობა.
ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2026 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, რომელთა დამტკიცებაც დღეს იგეგმება საქართველოს პარლამენტში. ასევე, საუბარი შეეხო 2026 წელს სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა
09.06.2026.19:00
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital"-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა.
შეხვედრაზე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებს, ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.
საუბარი შეეხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხებს, მიმოხილულ იქნა მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მზარდი საერთაშორისო ინტერესი და გამოშვების შედეგები.
ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრით მეტი არარეზიდენტი ინვესტორების დაინტერესებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი ირაკლი კაჭარავა.