კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან - სუს-ი
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.
კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.
კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყება გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციას, თითქოს ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
სხვა სიახლეები
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
12.08.2026.19:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს.
მსგავსი სამუშაოების საჭიროებისა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ღამის 12 (00:00) საათიდან, სატვირთო ავტოტრანსპორტი ისარგებლებს ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით.
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გაგრძელდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალი იქნება და გადაადგილება არსებული რეჟიმით, 60 კმ/სთ სიჩქარით გაგრძელდება.
მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 70-იან წლებში აშენდა და მისი ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ტარდება საჭირო აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობის მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებ.
ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.