კენჭისყრის პროცესი დასრულდა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 1 438 116, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93% პროცენტს შეადგენს.
„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. საარჩევნო კომისიის წევრები ამ დროისთვის კვლავ აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.
როგორც იცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში იგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.
ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 24 საჩივარი. საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.
საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. დილის 06:45 წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. კონტაქტ-ჰაბის თანამშრომლებმა ამ დრომდე უპასუხეს 1000-ზე მეტ ზარს და 300-მდე შეტყობინებას.
მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, ასევე მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას“,-განაცხადა პრესსპიკერმა.
სხვა სიახლეები
სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
19.07.2026.21:38
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.