ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია - დეტალები
ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე. სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა და შენარჩუნება და მდგრადი ტყით სარგებლობა, რაც მათ შორის ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს.
„ტყეების დეგრადაციის სხვადასხვა კატეგორია განიხილება. მიზეზი მრავალია; პირველი, სამწუხაროდ, ყველგან ადამიანია, ასევე, კლიმატის ცვლილება, რომლის გავლენაც, ჩვენს ეპოქაში უკვე ხელშესახები და თვალსაჩინოა; ესენია: ტყის ხანძრების სიხშირე, ასევე მავნებელდაავადებები. ტყეს შეუძლია კლიმატის ცვლილების პროცესი შეარბილოს და უკეთეს პირობებში გვამყოფოს, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, სადაც ტყით დაფარული ტერიტორიები დიდი არ არის“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა.
ნათია იორდანიშვილმა სამართალდარღვევის პრევენციისა და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა. ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
მისივე განცხადებით, სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი წესი მოქმედებს - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი - გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი
10.07.2026.10:50
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.
კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.
„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“, - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.
გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.