კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეგულარული ფრენები ისტორიული მოვლენაა, რადგან აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა - თამარ იოსელიანი
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია - ნორვეჯიანი (Norwegian) შემოდის. სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. „Norwegian - ის შემოსვლა ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან აქამდე ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია საქართველოსთვის როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის მიმართულებით.
„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად გაზრდის დაკავშირებადობას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვასა და შესაბამისად, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლების ზრდაზე," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, Norwegian - ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკის წარმატებულობას ბაზრების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის სწორი პოზიციონირების მიმართულებით.
„ნორვეგიულ ავიაკომპანიასთან, რომელიც სიდიდით მეორეა სკანდინავიის რეგიონში, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რომლებიც წარმატებული შედეგით დასრულდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ამასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სკანდინავიის რეგიონის ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა, საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
სხვა სიახლეები
აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე
15.09.2026.14:21
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.