ქობულეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ახალი სკოლების პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლების პროექტირებას იწყებს.
ჩაქვის სკოლა არანაკლებ 2000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ბარდუბანში კი არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.
ორივე პროექტი, შემდგომში, სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.
სკოლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სამასწავლებლოები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.
გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის შენობებში განთავსებული იქნება მულტიფუნქციური და სპორტული დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოებში კი გათვალისწინებულია სათამაშო მოედნების მოწყობა.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.
სხვა სიახლეები
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას ითვალისწინებს
10.11.2026.17:18
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 71 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.
მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებას წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უფრო მოქნილი და ეფექტიანი საშუალება მასთან მომსახურების ხელშეკრულების და არა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.