რომის პაპი გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.
პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.
რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ის რომის ჯემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. „88 წლის პონტიფიკის საერთო მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა „კლინიკური სურათი კვლავ რთული რჩება“ - აღნიშნული იყო განცხადებაში.
ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი BP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
20.05.2026.14:38
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრითიშ პეტროლიუმის (BP) საქართველოს ოფისის დირექტორს აითან ჰაჯიევას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა BP-ისა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„BP-თან თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული. სამინისტროსა და კომპანიას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა, რაც უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ისე მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, BP საქართველოში საქმიანობის 30 წელს აღნიშნავს და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. BP რეგიონს არ ტოვებს, პირიქით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს. ჩვენ ვრჩებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენების სისტემის პარტნიორებად და გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვას“, - აღნიშნა აითან ჰაჯიევამ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით და საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის ტყის აღდგენისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებებს. აღინიშნა, რომ BP აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან როგორც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, ისე გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - გიორგი წკრიალაშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ბრითიშ პეტროლიუმის საგარეო ურთიერთობების მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.