სახელმწიფოს მხარდაჭერით, „მზიურის" მიმდებარედ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „სპორტის აკადემია 2025"-ს, 20 წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის" მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა
16.10.2026.17:12
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.
საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.
“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.