საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი სებ-სა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, საგადახდო სისტემები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რისკების მართვის, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
დელეგაციის წევრებს სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე შეხვდა, რომელმაც სებ-სა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ ყაზახი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება ნაყოფიერი იქნება.
სხვა სიახლეები
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება - მიხეილ სარჯველაძე
12.10.2026.15:26
„დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.
სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.
„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.