საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალური რეისები შესრულდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესრულდება სპეციალური რეისები, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო) – 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით); 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო) – 04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება - მიხეილ სარჯველაძე
12.10.2026.15:26
„დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.
სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.
„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.