სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივების, საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებისა და იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
Moody’s-ის ანალიტიკოსებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძისა და ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის ჩართულობით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის საფუძვლები და მაკროეკონომიკური პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ქართულ საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვასა და აუდიტორიისათვის იპოთეკური ობლიგაციების სარეიტინგო შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, Moody’s-ის მოდერაციით გაიმართა პანელური დისკუსია კომერციული ბანკების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტის - იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების თემაზე. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე, „თიბისი ბანკის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე დავით ტალახაძე და საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან შავკაციშვილი.
პანელის მონაწილეებმა განიხილეს იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის ჩამოსაყალიბებლად საჯარო და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები, ასევე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე. მათ შორის, აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებითა და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ქართულ კომერციულ ბანკებს იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში დაეხმარება. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, ჩართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების საინაუგურაციო ემისიისათვის მყარ საფუძველს ქმნის.
საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს სუვერენული, საბანკო და იპოთეკური ობლიგაციების ბრიფინგი“ ქართული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.