შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი როგორც საქართველოს, ისე ევროპის ინტერესის სფეროშია, რადგან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რითაც მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა - ინგა ფხალაძე
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ფორმატისაა - რამდენადაც საქართველოს ინტერესის სფეროშია ევროპასთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი, ასევე ევროპაა დაინტერესებული, რადგან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რითიც მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ პროექტის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი 2025 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს წარდგენის დროს თან დაერთო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხარდამჭერი დოკუმენტი.
„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკომისიამ აღიარა მისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და ის ორმხრივი ინტერესების პროექტის ნუსხაში შეიტანა. ჩვენთვის პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო ძალიან მდიდარია განახლებადი რესურსებით. ახლა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებას, რომ დივერსიფიცირებულად ვაწარმოოთ ელექტროენერგია ყველა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ აქ წარმოებული მწვანე ენერგია ძალიან საინტერესო იქნება ევროპისთვისაც და აზიისთვისაც, ყველასთვის, ვინაიდან ის სუფთა ენერგიის სახით შეიძლება იყოს მიწოდებული", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საქართველოსთვის ენერგოდაკავშირებადობის მნიშვნელობაზე - მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის, ევროპასთან პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება, გაიზრდება ტრანზიტის პოტენციალიც.
„დაინტერესების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩვენი კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარების საშუალება გვექნება. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც ეს მას ძალიან სჭირდება. დივერსიფიცირება ნიშნავს - გარდა იმისა, რომ ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ, მათთვის საინტერესოა სხვა დერეფნის საშუალებით სხვა ქვეყნებიდან, ჯერჯერობით, არაევროპული ქვეყნებიდან მიიღონ მათთვის აუცილებელი ელექტროენერგიის რაოდენობა. ეს არის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპის მხრიდანაც", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
პროექტის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ინგა ფხალაძემ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველო აქ წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს, ასევე ბევრ დაინტერესებულ ინვესტორს მოიზიდავს იმისთვის, რომ უფრო ენერგეტიკის დარგი კიდევ უფრო განვითარდეს. „შესაბამისად, რეპუტაციულადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე
15.09.2026.14:21
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.