თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება.
„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება - საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენროგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტი კომფორტისთვის ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე - www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.
„გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, ელექტრონული დაშვების სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც სააღმზრდელო პროცესის მართვის, ისე ფინანსების რაციონალიზაციის მიმართულებით.
„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, სიახლე მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან თბილისის 20 საბავშვო ბაღში, საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს, ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი | ლევან დარსალია
11.09.2026.21:57
„ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება. ამ პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის იქნება მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის წარმოდგენილი იქნება მთის ინტერაქციული რუკები, სადაც პოტენციური დამსვენებელი შეძლებს ნახოს, თუ რომელი ტრასა და საბაგირო არის გახსნილი, რა სიგრძისა და სირთულისაა ტრასები - მიიღოს ყველანაირი დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ე.წ ლაივკამერებით შეძლებს კურორტისთვის თვალყურის დევნებას. ეს ვებგვერდი უკვე მუშავდება და სეზონის დაწყებამდე სატესტო რეჟიმში გაეშვება“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.
მისივე თქმით, „ემ თი ეი“-მ წელს გუდაურში დამწყები მოთხილამურეებისთვის სასრიალო არეალის განვითარება გადაწყვიტა. 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო - ჯამური სიგრძით 1 400 მეტრი - და 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა მონტაჟდება.
„ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენი ვიზიტორების 35-დან 40 პროცენტამდე დამწყებია და, შესაბამისად, არეალის მოწყობა გვინდა ზუსტად დამწყები მოთხილამურეებისთვის, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი მომხმარებლების ბაზის გასაზრდელად. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ლევან დარსალიას თქმით, „ემ თი ეი“ წელს ამატებს ონლაინ გადახდის ფუნქციას. ახალი პლატფორმების საშუალებით დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აბონემენტები მთის ტრასების სააგენტოს ვებ-გვერდიდან შეიძინონ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც და მისი მეშვეობით გვინდა, რომ მომავალი სეზონისთვის დავნერგოთ ციფრული აბონემენტის პროდუქტი. შესაბამისად, „ემ თი ეი“-ს ამ აპლიკაციის მეშვეობით დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება, სერვისები, რომლებიც ვებგვერდზეა, ბევრად უფრო მოხერხებულად გამოიყენოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, არა მხოლოდ სერვისების გაუმჯობესებისთვის, არამედ ჩვენი საოპერაციო ეფექტურობის მისაღწევად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.