ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად ტრენერების გადამზადება დაიწყო
ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების განხორციელება დაიწყო, რაც ტრენერთა კორპუსის გადამზადებას ითვალისწინებს.
პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ.
ტრენერთა ტრენინგი 2025 წლის 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლებისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო სერვისის უზრუნველყოფას. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს გააცნო არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფცია, რომელიც, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით, საარჩევნო ადმინისტრატორთა კვალიფიკაციის ზრდას ემსახურება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის სასწავლო პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით, ტრენერები გადამზადებას გაივლიან ორი პროფილური მიმართულებით:
• პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: 2 284 კომისიის წევრები);
• პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: 767 კომისიის წევრები).
ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების განხორციელების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:
• ხუთ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა - დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით;
• ოთხ ეტაპიანი სატრენინგო სისტემა - დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.
ამასთან, ტრენერები უზრუნველყოფენ ტრენინგების დამატებითი ეტაპის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საუბნო საარჩევნო კომისიის შეცვლილი წევრები და ის წევრები, ვინც ვერ დაესწრნენ განვლილი ტრენინგების ეტაპს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.
გადამზადების პროგრამის გავლის შემდგომ, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2025 წლის 21 აგვისტოდან - 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება.
სხვა სიახლეები
აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე
15.09.2026.14:21
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.