წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, იმერეთში, მაშველის სარწყავ სისტემაზე სამუშაოებს ატარებს. სოფელ მუხიანის ტერიტორიაზე,გამანაწილებელი არხის 2 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების მუხიანისა და ფარცხანაყანევის 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესებასთან ერთად, დაახლოებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.
საქართველოს მელიორაციამ სარწყავ სისტემაზე ექსპლუატაციის ღონისძიებები საკუთარი ძალებით მარტში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.
სხვა სიახლეები
სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
19.07.2026.21:38
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.