უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს
სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მინისტრმა კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დაბრუნებას უკავშირდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა.
მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვედით აქამდე და ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ბუნებრივ წიაღში - საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, რადგან კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენად არის აღიარებული.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაზე - გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აფხაზური ენის გაძლიერებას. ჩვენ, უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს ქართული ენის, როგორც საგნის ინტეგრირება სასწავლო პროცესში საბაკალავრო დონეზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი უმაღლესი სტანდარტით სწავლება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გაძლიერებისა და საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ცენტრების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
კომისიის წევრებმა საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების კურსის შინაარსზე, ხანგრძლივობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტებისთვის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა, პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით
11.05.2026.19:47
აქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ისტორიულ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს ამ მოვლენის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს უწმინდესსა და უნეტარეს შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და უსურვებს მას მხნეობასა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ასპარეზზე.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ქვეყნის უმთავრეს სულიერ და კულტურულ ინსტიტუტს, უდიდესი როლი ენიჭება სახელმწიფოებრივი მედეგობისა და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესში. ბიზნეს საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეკლესიის წინამძღოლობის ახალი ეტაპი გადამწყვეტ გავლენას იქონიებს ქვეყანაში მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნებაში, რაც ნებისმიერი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ბიზნეს სექტორისთვის ეკლესია ყოველთვის იყო და რჩება ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული ერთიანობის უმნიშვნელოვანეს გარანტად.
ინსტიტუციური მდგრადობა და ეკლესიის მტკიცე წინამძღოლობა წარმოადგენს იმ მყარ საყრდენს, რომელზეც დგას ქვეყნის ერთობა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ქართული სახელმწიფოებრიობის უწყვეტობა და ერთგულება იმ ფასეულობებისადმი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავდა საქართველოს თვითმყოფადობას. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე, ეკლესიის როლი საზოგადოებრივი წონასწორობის შენარჩუნებაში შეუფასებელია, რაც აისახება ქვეყნის საერთო კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს" - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.