ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დეტალური პროექტირება.
„სამუშაოების ფარგლებში, არსებული შადრევნები და კასკადი აღდგება პირვანდელი ვიზუალით, დარჩება იგივე მასალა; დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების სისტემა; სრულად განახლდება სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები; ჩატარდება აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია; დამონტაჟდება შესაბამისი სპეციფიკაციისტუმბოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტში გაწერილი იქნება ობიექტის ექსპლუატაციის ინსტრუქციები და რეკომენდაციები.
„პროექტირების სამუშაოები მოიცავს არსებული შადრევნებისა და კასკადის მდგომარეობის დეტალურ ანალიზსა და საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობა იყო, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (EN50110-1 სტანდარტის შესაბამისად) შადრევნების მოწყობა/რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება. ვფიქრობ, იმ ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, მნიშვნელოვანია ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა აღნიშნულ პროექტში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
სხვა სიახლეები
საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს - ბექა მიქაუტაძე
07.08.2026.17:07
ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
როგორც ბექა მიქაუტაძემ აღნიშნა, საქართველომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური პრეპარატის, „ჯივინოსტატის“, შეძენის შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს, ქვეყანაში შემოიტანს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართავს.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, რადგან პრეპარატი დაავადების პროგრესირების შენელებაზე მოქმედი ინოვაციური თერაპიაა და მისი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა თანამედროვე მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.